ისრაელის მიმართ ჰამასის ტერორისტული აქტის განხორციელებიდან ერთი წლისთავის წინა დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მცხოვრებ ყველა ებრაელს სოლიდარობა გამოუცხადა.
"არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ ებრაელი თანამოქალაქეები გერმანიაში შიშსა და ტერორში ცხოვრობდნენ", - განაცხადა მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
კანცლერის განცხადებით, არასოდეს შეეგუებიან ანტისემიტიზმსა და ბრმა სიძულვილს ისრაელის მიმართ.
"ჩვენი სახელმწიფო მთლიანად და ყველა წესიერი ადამიანი ამ ქვეყანაში სრულად სოლიდარულია გერმანიაში მცხოვრები ყველა ებრაელის მიმართ", - თქვა მან.
ოლაფ შოლცმა გაიხსენა, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან მალევე, 2023 წლის ოქტომბერში, ის ეწვია ისრაელს და შეხვდა მძევლების ნათესავებს.
"არასოდეს დავივიწყებ იმ ადამიანების სახეებს, რომლებმაც არ იციან, ნახავენ თუ არა თავიანთ ქალიშვილებს, ვაჟებს დედებს, დებს, მამებს თუ ძმებს", - დასძინა მან.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ "ისრაელზე ამაზრზენი თავდასხმით" ჰამასმა ასევე გამოიწვია კატასტროფა პალესტინელი ხალხისთვის.
შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობა დაჟინებით აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვას, "რომელიც საბოლოოდ უნდა მოხდეს ისე, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა უკეთ იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, უკეთ მომარაგებული".
კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის უმთავრესი მიზანია ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება.
შოლცის თქმით, პალესტინა-ისრაელის კონლიფქტი ორი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. „გერმანია ყველაფერს გააკეთებს ამის უზრუნველსაყოფად".
7 ოქტომბერს ერთი წელი გავა ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან. 2023 წლის 7 ოექტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.
ჰამასის მიერ შემაძრწუნებელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-მდე ადამიანი. რადიკალურმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა 250 პირი. მძევლების ნაწილი გაცვალეს ან გაათავისუფლეს, ნაწილი კი გარდაიცვალა.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ღაზის სექტორის სახმელეთო ოპერაციისა და დაბომბვის შედეგად, ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,
დაიღუპა 41,5 ათასზე მეტი პალესტინელი. ჰამასს მხარს უჭერდა ლიბანის რადიკალური შიიტური მოძრაობა ჰეზბოლა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული გერმანიაში, აშშ-ში, ისრაელში და რიგ არაბულ სახელმწიფოებში. ჰეზბოლა რეგულარულად ესვრის ისრაელს ლიბანიდან.
ირანმა, რომელიც აფინანსებს ჰეზბოლას დაჯგუფებას და ითხოვს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ღაზას სექტორში, ასევე არაერთხელ წამოიწყო თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.