„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს.
როგორც ხოშტარია წერს, „ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს“.
„ბოლო დღეებია, მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე, ჩვენი მტერი, რუსეთია. ეს პროცესი პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამ დროს „რუსული ოცნება“ გულშემატკივრობს მტერს. რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ. ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე დიპლომატიაში, რომ პერსპექტივები გათვალო. არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი „მიუნხენი“ და „ბუდაპეშტი“. ძალით საზღვრების ცვლილება არ დაკანონდება. ამერიკაც და ევროპაც დაამარცხებს აგრესორს. ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა: 1. ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი (მადლობა სალომე ზურაბიშვილს) 2. გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია წერილში