13 ნოემბერს მოსკოვში, კიროვოგრადის ქუჩაზე აფეთქდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომლის მფლობელიც, მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნიკოლაი აზაროვის ყოფილი პრესმდივანი სერგეი ზავოროტნია.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი აფეთქებამდე ეზოდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრი გაიარა.
აფეთქების ტალღამ მძღოლი ავტომობილიდან გზის სავალ ნაწილზე გადაისროლა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლის სავარძლის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც ავტომობილის მოძრაობის დროს აფეთქდა.
72 წლის ზავოროტნი გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზავოროტნის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აქვს გულმკერდისა და ზურგის არეში, ასევე ფეხები მძიმედ აქვს დაზიანებული.
გავრცელებული ცნობით, სერგეი ზავოროტნი ამჟამად პრიმორსკის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორია. მან უკრაინიდან გაქცევის შემდეგ დაწერა წიგნი, „როგორ დაკარგა რუსეთმა უკრაინა".
ნიკოლაი აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში თანამდებობას 2010-2014 წლებში იკავებდა.
ევრომაიდანის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ, რასაც 2014 წელს იანუკოვჩის გადადგომა მოჰყვა, აზაროვი იანუკოვიჩის მსგავსად რუსეთში გაიქცა.
ნიკოლაი აზაროვი უკრაინაში ბრალდებულია სახელმწიფო ღალატში და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. აზაროვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები.
დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, აზაროვი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვი მას განიხილავდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად 2022 წელს უკრაინაში.