აღნიშნულზე არის ქართული გამონათქვამი: „ყვავმა ყვავს უთხრა, შენ ჩემზე შავოო", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ახლებს“ ადანაშაულებს განხეთქილებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნა მისთვის მიუღებელია.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიაც ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენელია.
„იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს გაიზიარებს. დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკაში არ არის, დემოკრატიის მტრებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, რომ ისარგებლონ დემოკრატიული ინსტიტუტებით. რადიკალებს სამართლებრივი პასუხი გაეცემათ. რაც ოპოზიციაში ხდება, ამაზეა ქართული გამონათქვამი – ყვავმა ყვავს უთხრა, შენ ჩემზე შავოო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. მელია ერთ-ერთ პოლიტიკოსში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.