უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცება უკრაინას ომის მოგების შანსს მისცემს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინას და შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ თანხით უკრაინა მიიღებს იმ დეფიციტურ იარაღს, რომელიც ასე საჭიროა მტრის მოსაგერიებლად.
ეს დახმარება არ უნდა დაიხარჯოს წვრილმანებზე, არამედ მართლაც მივიღოთ იმ დეფიციტური იარაღის სახით, რომელიც დღეს არ გვაქვს - ეს არის არტილერია და შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული იარაღი, ეს არის ის, რაც იყო კანონში - ATACMS-ები.. ასევე საჰაერო თავდაცვა, ეს არის პრიორიტეტი," - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი თქმით, ახლა არსებობს ყველანაირი შანსი ინიციატივის ხელში აღების. „ამისთვის იარაღი უნდა მივიღოთ, როდესაც გვექნება ხელში იარაღი, გვექნება ინიციატივა, მაშინ შევძლებთ წინსვლას. იმ მომენტიდან, როდესაც მივიღებთ იმ იარაღს, რომლის შესახებაც გვქონდა მოთხოვნა, ჩვენ შევძლებთ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ და პროგნოზი გავაკეთოთ ჩვენს ქმედებებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არჩევის შემთხვევაში, ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რომ რუსეთს დაუთმოს გარკვეული ტერიტორიები ომის დასრულების სანაცვლოდ.
„მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ნაკლებად მჯერა ჭორების, როცა ტრამპი მოვა უკრაინაში და მეტყვის ომის დასრულების ფორმულას, მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებ. მე ჯერ მხოლოდ ერთი რამ ვიცი - არ შეიძლება პუტინის ნდობა, რასაც პუტინი ამბობს, ფაქტია, რომ ეს არასოდეს მოხდება.
„ომის დასრულების სტრატეგია არ უნდა ეფუძნებოდეს ან სიტყვებს, რომლსაც პუტინი ამბობს, არამედ ამ ომის სამართლიანი დასრულების ლოგიკას, როცა იცი, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.