უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შესთავაზა შეხვედრა გამართონ უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან უკრაინული ტვირთების განბლოკვის მიზნით.
„მინდა მივმართო პოლონეთის მთავრობას - ბატონ პრემიერ-მინისტრ ტუსკს და მინისტრებს. მე დავავალე ჩვენს მთავრობას, რომ უახლოეს მომავალში, 24 თებერვლამდე მივიდეთ ჩვენი ქვეყნების საზღვარზე.
უკრაინის მთავრობის მეთაური, მთელი ჩვენი მთავრობა, ლოჯისტიკიდან სოფლის მეურნეობის სექტორამდე და, რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რადგან ეს ბლოკადა საზღვარზე, სამწუხაროდ, საფრთხეს ზრდის ფრონტზე, ჩვენი ბიჭებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დონალდ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენც მობრძანდეთ საზღვარზე. ანჯეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ისიც მზადაა უკრაინის მთავრობის წევრებთან ერთად საზღვართან ჩავიდეს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროკომისიას შეუერთდეს საკითხის გადაწყვეტას.
პოლონეთთან საზღვარზე საპროტესტო აქციები შემოდგომაზე დაიწყო, პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ.
ბოლო პერიოდში ვითარება დაიძაბა, სულ უფრო და უფრო ჩნდება ინფორმაცია მომიტინგეების პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შესახებ. ფერმერებმა უკვე ორჯერ დააბნიეს უკრაინული მარცვლეული. ერთ-ერთ ბოლო საპროტესტო აქციაზე კი ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა პოსტერიწარწერით „პუტინო, აღადგინე წესრიგი უკრაინაში და ბრიუსელში და ჩვენს ოფიციალურ პირებთან“.
ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროფკავშირები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და საზღვრის ბლოკირება ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.