რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესთან დაკავშირებითYდასავლეთის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და "ყველას თავისი საქმის მიხედვას" ურჩევს.
"ვაშინგტონსა და დასავლეთის ზოგ დედაქალაქში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით რომლებიც მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესს ეხება კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთის ფედერაციის სასამართლო პროცესის კომპეტენციაში შედის და სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობები მიუღებელია", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე განაცხადა, რომ არავის არ აქვს უფლება სასამართლო ორგანოების პრეროგატივებში ჩაერიოს.
"მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის შემთხვევაში საქმე ეხება საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს გადასახადების გადაუხდელობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრებას ეხება. ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარი დანაშაული სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია. მაგალითად აშშ-ში ამ დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობასაც უსჯიან. იმედი გვაქვს, რომ ყველა თავის საქმეს მიხედავს - საკუთარ სახლშიც და საერთაშორისო არენაზეც", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის მეორე საქმეში ბრალდებულებად აღიარა.
მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლოში კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელების განაჩენის კითხვა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო "მსხვილი და ძალიან მსხვილი ოდენობით სხვისი ქონების დატაცებაში და ლეგალიზაციაში". სასამართლომ ისინი "იუკოსის" ნავთობის დატაცებაში ბრალდებულებად აღიარა.
თავდაპირველად მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.
2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში. მსჯავრდებულები და მათი დაცვა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.
ე.წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.