საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, გაგზავნონ ჯარები ან უზრუნველყონ გარკვეული საშუალებები უკრაინაში უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად.
მაკრონმა ამის შესახებ პარიზში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
„ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, ჩვენი შტაბების ხელმძღვანელები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და დღეს შემიძლია ვთქვა - ჩვენ მზად ვართ.
დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური წინადადება, სამხედრო წინადადება და 35 ლიდერის წინადადება, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, კოალიციის მიდგომას გარანტიების მიმართ ორი ელემენტი აქვს. პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის არმიის ფორმატსა და მის შესაძლებლობებზე შეზღუდვების არარსებობაზე. კოალიციის წევრები უკრაინას არმიის აღდგენის შესაძლებლობას აძლევენ, რათა მან ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავება შეძლოს.
„მეორე ელემენტი უსაფრთხოების ძალებია. დღეს 26-მა ქვეყანამ ოფიციალურად აიღო ვალდებულება [სხვებმა გამოთქვეს ინტერესი], რომ ან გაგზავნონ კონტინგენტი უკრაინაში, ან გარკვეული თანხები გაიღონ ამ კოალიციის მხარდასაჭერად ზღვაზე ან ცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარანტიის ძალების მიზანი არ არის რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება, არამედ მშვიდობის გარანტირება და სტრატეგიული სიგნალის გაგზავნა საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ახლა ვადგენთ, თუ სად განთავსდებიან ისინი“, - თქვა მაკრონმა.