პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა მოკავშირეებთან ერთად დაესწრო.
მისი თქმით, შეხვედრაში 30 ქვეყანა მონაწილეობდა. მათი ნაწილი სამიტს ონლაინ-რეჟიმში დაესწრო.
„ყველას აერთიანებს ერთი და იგივე სურვილი, დაასრულოს ეს ომი ხანგრძლივი მშვიდობითა და უსაფრთხოებით.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, რომ გესმით, რომ უსაფრთხოების მთავარი გარანტი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას, თავის მოკავშირეებთან ერთად, აქვს იგივე ხედვა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკებების გასაჭიანურებლად და ომის გასაგრძელებლად.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა. ამჟამად მზადდება ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი. იაპონიაც მუშაობს სანქციების ეტაპებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, გააგრძელონ უკრაინის გვერდით ყოფნა სიცოცხლის დასაცავად.
„მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა მისი ძალისხმევისთვის და ამერიკის მზადყოფნისთვის, თავისი მხრიდან მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.