თენგიზ მირზაშვილს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარსა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა
თენგიზ მირზაშვილი XX საუკუნის 60-იანი წლების მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება არაერთ სფეროს მოიცავს, კერძოდ კი ფერწერას, დაზგურ გრაფიკას, ილუსტრაციას, თეატრისა და კინოს მხატვრობასა და სხვ.
1961 წლიდან იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი. 1972-2004 წლებში საქმიანობდა ბავშვთა სურათების გალერეაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო.
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო თენგიზ მირზაშვილის მუშაობა წიგნის გრაფიკული გაფორმების კუთხით. ის 150-ამდე ილუსტრაციის ავტორია და გაფორმებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებულები.
ასევე, თენგიზ მირზაშვილი ავტორია მცირე ზომის გამორჩეული სტილის სურათებისა, რომლებზეც, ძირითადად, ასახულია თბილისური ცხოვრება და მთის ყოფა. მის პეიზაჟთა სერიებში განსაკუთრებით ოსტატურადაა გადმოცემული ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი. მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული თუ გრაფიკული სერიებიდან აღსანიშნავია 1957-1967 წლების „თუშეთის“ სერია.
ხელოვანი ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში. მისი პერსონალური ექსპოზიციები გაიმართა გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ხოლო მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), სახელმწიფო გალერეაში (მოსკოვი), უზბეკეთის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.
საგულისხმოა, რომ თენგიზ მირზაშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, რისი შედეგიცაა ფიროსმანის შესახებ ორ ტომად გამოცემული წიგნი. მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა „გალაკტიონოლოგიის“ სამტომეული.
თენგიზ მირზაშვილი წარმატებით საქმიანობდა კინოსა და თეატრშიც. მას გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი და დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი. აღსანიშნავია, რომ 1977 წელს იგი მიიწვია ანდრეი ტარკოვსკიმ „ჰამლეტის“ გასაფორმებლად.