13 იანვარს ტაივანის მოქალაქეები ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს აირჩევენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. ტაივანსა და მის ფარგლებს გარეთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს 19,5 მილიონ ადამიანს.
შედეგები 13 იანვრის საღამოს, ბიულეტენების ხელით დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ლაი ჩინ-ტე, რომელიც კუნძულის სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეა; ახალი ტაიბეის მერი ჰოუ იუი კონსერვატიული პარტიიდან და ტაიბეის ყოფილი მერი კე ვენჟე, პოპულისტური სახალხო პარტიის დაფუძნებელი, რომელი აკრიტიკებს ორივე ოპონენტის პოზიციებს და ამომრჩევლებს პეკინთან ურთიერთობებში ზომიერი პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
ექსტპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგი განსაზღვრავს პეკინის გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა კუნძულზე სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ჩინეთთან ურთიერთობის თემა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დროს. კონსერვატიული პარტიის კანდიდატმა ჰოუ იუიმ პირდაპირ განაცხადა, რომ 13 იანვარს ტაივანის ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის: ის დარწმუნებულია, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ პეკინთან ურთიერთობების განმტკიცებით, რომელიც კუნძულს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.
ბოლო საახალწლო მიმართვაში ჩინეთი პრეზიდენტმა სი ძინპინმა კუნძულის ჩინეთთან გაერთიანებას „ისტორიული გარდაუვალობა“ უწოდა.
„სამშობლოს გაერთიანებას“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ჩინელი ხალხის წმინდა მოვალეობას უწოდებენ. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მიზნის მიღწევას მშვიდობიანი გზით აპირებენ.
ჩინეთიის სრულმასშტაბიანი შეჭრა ტაივანში, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევს. ვაშინგტონი, რომელიც ტაიბეის მოკავშირეა, ირწმუნება, რომ მხარს დაუჭერს კუნძულს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
შეიარაღებული კონფლიქტი ასევე კოლოსალურ გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე: ბლუმბერგის ექსპერტების აზრით, ზარალმა შეიძლება შეადგინოს გლობალური მშპ-ს 10 პროცენტი - ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ომი უკრაინასთან, კორონავირუსის პანდემია და გლობალური ფინანსური კრიზისი.
ტაივანში ამომრჩევლები ასევე პარლამენტის ახალ წევრებს ირჩევენ. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 16 პოლიტიკური პარტია იბრძვის.
ტაივანის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო შედგება 113 ადგილისგან.