ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაციით, ჩინეთმა კუნძულისკენ ათობით თვითმფრინავი და ხომალდი გაგზავნა.
განცხადების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი დააფიქსირეს. მათ შორის 20-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი ან დაარღვია ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა.
საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა თავისი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები.
ჩინეთის ქმედებები ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაივანისთვის $500 მილიონის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის დამტკიცებას მოჰყვა. აშშ ტაივანს F-16 ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებულ აღჭურვილობასა და სხვა სისტემებს მიჰყიდის.
ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და მშვიდობიანი გზით მის „სამშობლოსთან დაბრუნებას ისტორიულ მიზნად“ ასახელებს, თუმცა არც ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს.
თავის მხრივ, ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. გაერო ჩინეთის რესპუბლიკას არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ. ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის არ არის აშშ, დანარჩენი მსოფლიო კი „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ხელმომწერია. აშშ-ს აქვს ხელშეკრულებები ტაივანთან, რომლის ფარგლებშიც თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობს.
ტაივანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროდან დაახლოებით 160 კმ-ით დაშორებული კუნძულია, რომელიც ე.წ. „პირველ კუნძულის ჯაჭვში“ შედის. ეს ჯაჭვი მოიცავს აშშ-სადმი მეგობრულად განწყობილ ტერიტორიებს, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.