საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში მინისტერიალში მონაწილეობდა, რომელიც ბრიუსელში13 დეკემბერს გაიმართა.
მინისტერიალს ევროკავშირის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ქეთრინ ეშტონი.
შეხვედრაზე შეფასდა გასული ერთი წლის განმავლობაში ინიციატივის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები. გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ წარმოადგინა ევროკომისიის მიერ შემუშავებული ანგარიში. შეხვედრის ფარგლებში სიტყვით წარსდგნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე.
მხარეებმა იმსჯელეს 2010 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და 2011 წლის მაისში, ქ. ბუდაპეშტი დაგეგმილი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებელ საკითხებზე.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე და იმსჯელეს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების საფუძველზე, ევროკავშირის მხრიდან მათთან ურთიერთობისას დიფერენციაციის მნიშვნელობას. გამომსვლელებმა ისაუბრეს, პარტნიორ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანად მოგვარების თვალსაზრისით, ევროკავშირის როლის გააქტიურების, ეკონომიკურ სფეროში პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ენერგოსაკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებაზე.
გამომსვლელების მიერ ხაზი გაესვა პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივისათვის მეტი ფინანსური რესურსების გამოყოფისა და განათლებისა და კულტურის სფეროში ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში პარტნიორი ქვეყნების, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ჩართვის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტების, აკადემიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, მობილურობის გამარტივების მნიშვნელობაზე.
მონაწილეთა მიერ პოზიტიურად შეფასდა 2010 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განსაკუთრებით, ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების წარმოების სფეროში.
ევროკავშირის მხარემ ხაზი გაუსვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის პოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირისათვის. გადაწყდა, რომ ბუდაპეშტის სამიტი შინაარსობრივად და პოლიტიკურად მაქსიმალურად დატვირთულ ფორუმად ჩატარდეს.