"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ, გონიოში მოქალაქეთა უფლებების შელახვა არ დაუშვან და გააუქმონ ხელვაჩაურის მუნიცილიტეტის მიერ კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, აჭარაში მათ მიმართა 150-ზე მეტმა მოქალაქემ, რომლებიც კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ჩამორთმევას აპროტესტებენ.
"აჭარაში ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა და უმაღლესი საბჭოს დიპლომატებმა შეისწავლეს ამ ადამიანების პრობლემა და უამრავ კანონდარღვევას წააწყდნენ. როგორც ირკვევა, 3 წლის წინ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზარ-ზეიმით გამოცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს ხელისუფლება დღეს ბათილად აცხადებს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ერთი კვირის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიამ გონიოს თემში ზღვისპირა საკურორტო ზონაში გააუქმა მიწის საკუთრების 280-მდე მოწმობა. ამით დაირღვა კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომელიც საკუთრების ჩამორთმევას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გზით ან ორგანული კანონით დადგენილი წესით ითვალისწინებს.
"ალოგიკურად გვეჩვენება ხელისუფლების წამომადგენელთა სურვილი, რომ უკანონო გადაწყვეტილებები გონიოს ციხეზე, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლზე, ზრუნვით ახსნან, რადგან ამ ძეგლს არ აქვს აღნიშნული სტატუსი და რომც ქონდეს, კანონი ამ შემთხვევაშიც დაცულია. უფრო მეტიც, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება, ძეგლის სტატუსის საერთოდ არ მიანიჭა ქობულეთის ფიჭვნარს და ამჟამად პირდაპირ უნიკალური სამარხების ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, ვიდრე არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ის მესაკუთრეები, რომელთა საკუთრების მოწმობებიც გაუქმებულად გამოცხადდა რჩებიან მიწის ნაკვეთების კანონიერ მფლობელებად.
"ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას მივმართავთ, არ დაუშვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვა და გააუქმოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მოქალაქეების უფლებებს დავიცავთ საქართველოს ყველა დონის სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ამასთან ქრისტიან-დემოკატების ინფორმაციით, გონიოს ციხე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი რომც ყოფილიყო, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა მერყეობს 50-დან მაქსიმუმ 1000 მეტრამდე. ასეთ შემთხვევაშიც კი ვხვდებით უამრავ დარღვევას, რადგან ჩამორთმეული მიწების უმრავლესობა მდებარეობს ბევრად მოშორებით 2-3 კილომეტრში. მიწის ნაკვეთები არის ზღვისპირა ზოლში და ამიტომ სურს ხელისუფლებას საკუთრებაში დაიტოვოს ეს მიწები რომ შემდეგ სარფიანად გაყიდოს და ეს მათი მხრიდან არ არის ძეგლზე ზრუნვა", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.