საქართველოს მთავრობა ბიზნესს მაქსიმალურად გვერდში უდგას, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, გამოგვყვა და შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ისივე თქმით, მთავრობას ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, მაქსიმალურად ვეხმარებით, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა და გავხსენით ქვეყანა პანდემიის შემდგომ, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად გაზრდილია, თითქმის 30 პროცენტით მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები 150 მილიარდ ლარამდე არის ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო თითქმის 50 მლრდ ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7 500 დოლარი გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ახალ ინიციატივებზე, პროგრამებსა და პროექტებზე.
„მთავრობამ წარუდგინა ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, რომელიც მინდა, შეგახსენოთ, არის შემდეგი: შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს და მაშინ განვიხილეთ, რომ სწორედ ამ შეხვედრამდე თვეების წინ დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ხალხს აწუხებდა. მაშინ როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი, მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი. სულ რაღაც რამდენიმე თვეში 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მლნ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით.
ავუხსენით ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გვაქვს ძალიან კარგი ბიუჯეტი, წელსაც და 2023 წელსაც. ვვარაუდობთ, რომ წელსაც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. იმ ფონზე, რაც ხდება ევროპის კონტინენტზე, რეცესია, ყველა მიმართულებით, ყველა ქვეყანაშია თითქმის მოსალოდნელი რეცესია. ჩვენ მეორე წელია, რაც მიყოლებით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ბიზნესს სჭირდება მეტი პროგნოზირებადი გარემო, ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური და არის კიდევაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად სტაბილური, დამშვიდებულია სიტუაცია, ტურიზმი აღდგენილია და გვაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური მოლოდინები. ეს არის საერთო შეფასება.
ამასთან, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ კვალიფიციური კადრების, ზოგადად მუშახელის პრობლემაც კი არის ქვეყანაში. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ საქართველოში. გახსოვთ, რომ მე დავიწყე ერთ-ერთი ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელეთ, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ეს ხალხი, შრომისუნარიანი, მოტივირებული ხალხი ჩვენ გვჭირდება, რომ მივმართოთ ბიზნესში. ეს არის გამოკვეთილი პრობლემა. ამ მხრივ მთავრობას აქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩადოს პროფესიულ განათლებაში. ეს შეიძლება იყოს დიდი გამოწვევა. ბევრ ქვეყანაში არის ანალოგიური ხასიათის პრობლემები და ამას სჭირდება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.