განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
დღევანდელი პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მედიისთვის დახურულად ჩატარდა.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 300 ათასი ლარის ოდენობით გირაო შესთავაზეს.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.