ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა მაღალი შეფასება მისცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული ბოლოდროინდელი სანქციები, თუმცა განაცხადა, რომ მოკავშირეებს მეტი ზეწოლა სჭირდებათ, რათა მოსკოვი აიძულონ, დაასრულოს ომი უკრაინაში. მან ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვალტონენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ბოლოდროინდელი ნაბიჯი „უაღრესად მნიშვნელოვანია“.
„თუმცა, ჩვენ უბრალოდ უნდა გავზარდოთ ზეწოლა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის იმპერიული მიზნების შეცვლა, მაგრამ უნდა შევძლოთ მათი გათვლების შეცვლა“, - აღნიშნა მან.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ომი ძვირი უჯდება. „ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის რეალური ეკონომიკა ნამდვილად ვერ უძლებს ამ ტვირთს“, - აღნიშნა მინისტრმა.