ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.
„ბანკების უმრავლესობამ პანდემიის შოკის დროს გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღადგინა და რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს სოლიდური ბუფერებით შეხვდა. ფინანსური სექტორის მზაობას, ასევე, ხელი შეუწყო ბანკების აქტივების ხარისხის მდგრადობამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კრიზისამდელ პერიოდში შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შეიტანა. გატარებული ღონისძიებების ფონზე გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები, რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე დაუწესდა პრუდენციული მოთხოვნები“, - წერია ანგარიშში.
ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.