აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ეთანხმება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, მიუხედავად ამ მიმართულებით კონგრესის მცდელობისა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებიდან თეთრ სახლში დაბრუნებისას, ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას.
"არა", - მოკლედ უპასუხა პრეზიდენტმა დასმულ შეკითხვას. დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა.
28 ივლისს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია "უამრავი უდანაშაულო კაცის, ბავშვისა და ქალის დაღუპვა".
სენატის რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. საბოლოო გადაწყვეტილებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ სახელმწიფო მდივანი იღებს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, სენატის რეზოლუციის მიუხედავად, არ არის მზად, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, რადგან მისი თქმით, ეს ავნებს აშშ-ის სხვა მოკავშირეებს და სრულად გაანადგურებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მინიმალური დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლებლობას.
ამავდროულად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულია ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ისახავს მიზნად.
ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კონგრესი გვერდს აუვლის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წინაამღმდეგობას და რუსეთს შეიყვანს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამასთან, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უჩივლონ რუსეთის მთავრობას აშშ-ს სასამართლოებში და მიიღონ კომპენსაცია ჩამორთმეული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.