შეერთებული შტატების სენატმა მოუწოდა თეთრ სახლს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. New York Times-ის ცნობით, რეზოლუცია ოთხშაბათს საღამოს ერთხმად იქნა მიღებული.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია "უამრავი უდანაშაულო კაცის, ბავშვისა და ქალის დაღუპვა".
მსგავსი შინაარსის რეზოლუცია ასევე წარდგენილია კონგრესის ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში. New York Times-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას მხარს დაუჭერს პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიულ პარტიაში.
შეგახსენებთ, 24 ივლისს უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებას.
21 ივლისს, Politico-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.
ივნისის მიწურულს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეყვანას.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.