შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.
Politico-ს ცნობით, კონგრესმა სახელმწიფო მდივანს მიანიჭა უფლებამოსილება ამა თუ იმ ქვეყნის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისა, თუმცა კონგრესსაც აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით, თავადაც განსაზღვროს ასეთი სტატუსის მინიჭება და დამოუკიდებლად მოახდინოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე.
"არ არსებობს სამართლებრივი დაბრკოლება, რის გამოც კონგრესი ვერ მიიღებს კანონს, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კონგრესის მიერ მსგავსი კანონის მიღება უფრო რთული გზაა, ვიდრე ამას სახელმწიფო მდივანი გააკეთებდა, მაგრამ ეს მისცემს ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ საფარს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზეწოლისა და პუტინის წინააღმდეგ რიტორიკის გასაძლიერებლად", - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, მაისში ნენსი პელოსიმ რუსეთს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო უწოდა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის მიმართვას აშშ-ის კონგრესისადმი, რუსეთი აღიაროს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
ივნისის მიწურულს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეყვანას.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.