აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ოთხშაბათს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეყვანას. იტყობინება "ამერიკის ხმა".
რეზოლუციის ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელსაც ასევე მიემხრო დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა კრის კუნსმა "ამერიკის ხმის" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განმარტა, რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.
რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებას ემხრობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიშიც.
"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, არის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო. რაც მან გააკეთა, როდესაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, ტერორისტული აქტია. ის არის ომის დამნაშავე და პასუხისმგებელია ყველა დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია მისი სახელით", - თქვა რიშმა.
რიშის თქმით, სენატში საერთო კენჭისყრისას რეზოლუცია "ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს".
"მჯერა, რომ სახელმწიფო მდივანი ძალიან ყურადღებით მოეკიდება [ამ საკითხის] განხილვას", - დასძინა რიშმა.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.