ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად მის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა ისაუბრა.
"რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილად ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ვსწავლობთ ყურადღებით ამ საკითხს, რადგან ასეთ განცხადებას სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ჩვენი კანონების შესაბამისად", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
ამავდროულად, ბრიჯიტ ბრინკმა შენიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები და კვლავაც გააგრძელებს ამას.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, Politico-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.
ნენსი პელოსიმ რუსეთს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო უწოდა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის მიმართვას აშშ-ის კონგრესისადმი, რუსეთი აღიაროს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
ივნისის მიწურულს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეყვანას.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.