New York Times-ის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მიუხედავად კონგრესის მოთხოვნისა, მზად არ არის მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.
გამოცემის თანახმად, ბლინკენი შიშობს, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება ვაშინგტონს იძულებულს გახდის სანქციები დაუწესოს თავის ზოგიერთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთთან საქმიან კავშირს ინარჩუნებს.
გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთთან დიპლომატიური კავშირების შენარჩუნება, თუნდაც ამჟამინდელ მინიმალურ დონეზე, პრობლემური გახდება.
"ფასი, რომლის გადახდაც ჩვენ და მოკავშირეებმა ვაიძულეთ რუსეთს, უდრის იმას, რაც შედეგად მოჰყვება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. ანუ პრაქტიკული შედეგები იგივეა", - ამბობს ბლინკენი.
28 ივლისს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, რამაც გამოიწვია "უამრავი უდანაშაულო კაცის, ბავშვისა და ქალის დაღუპვა".
სენატის რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. საბოლოო გადაწყვეტილებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ სახელმწიფო მდივანი იღებს.
თუმცა, ამავდროულად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, დაავალდებულებს ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას.
გასულ კვირას, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააფრთხილა მდივანი ბლინკენი, რომ თუ ის არ გამოაცხადებდა რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ამას კონგრესი გააკეთებდა.
ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების ნუსხას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ნუსხაში შეყვანის შემდეგ, სახელმწიფოს უწესდება მთელი რიგი შეზღუდვებისა, რომელიც მოიცავს აშშ-ისგან დახმარების მიღებისა და სამხედრო პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე კონტროლს და სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა სახის შეზღუდვებს.
ამასთან, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უჩივლონ რუსეთის მთავრობას აშშ-ს სასამართლოებში და მიიღონ კომპენსაცია ჩამორთმეული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან.
ამ დროისთვის სიაში ოთხი სახელმწიფოა: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.