გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირში რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას ეწინააღმდეგებიან.
მათ შესაბამისი პოზიცია ევროკავშირის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგინეს, რომლებიც 30 და 31 აგვისტოს პრაღაში იკრიბებიან.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ გონივრულ გზებზე, რომ გამოვიყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის ვიზების გაცემა", - ნათქვამია დოკუმენტში.
პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს დოკუმენტი, სადაც ასახულია მათი ერთობლივი პოზიცია ვიზების აკრძალვასთან დაკავშირებით.
"ჩვენმა სავიზო პოლიტიკამ უნდა გააგრძელოს ადამიანთა შორის კონტაქტები ევროკავშირში რუს მოქალაქეებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან", - აღნიშნულია ერთობლივ დოკუმენტში.
გერმანია და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ უნდა შენარჩუნდეს სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ხელოვანებს, მეცნიერებს და პროფესიონალებს შევიდნენ ევროკავშირში.
ამავდროულად, ავსტრიამაც დაადასტურა, რომ ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის სრულ აკრძალვას.
"რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრული აკრძალვა მთლიანად შეწყვეტს კონტაქტს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან", - თქვა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა.
22 აგვისტოს, რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის ინიციატივას არ დაეთანხმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი. ვიზების აკრძალვას ასევე არ ეთანხმებიან ნიდერლანდები და უნგრეთი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.
ცოტა ხნით ადრე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.
შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის 2007 წელს გაფორმდა.
შეთანხმების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შენგენის ვიზის აღება მოესურვებათ, უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ვიზის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდა. ამასთან, განცხადებს განხილვის ვადა გაიზრდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.