ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას. იტყობინება გაზეთი Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.
ასეთი შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის 2007 წელს გაფორმდა.
შეთანხმების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შენგენის ვიზის აღება მოესურვებათ, უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ვიზის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდა. ამასთან, განცხადებს განხილვის ვადა გაიზრდება.
როგორც წყარომ უთხრა Financial Times-ს, ოფიციალურად ეს ინფორმაცია გაჟღერდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში 30 აგვისტოს დაიწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ წინადადებით გამოვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომლის ქვეყანაც ამ დროისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
"ჩვენ განსაკუთრებულ სიტუაციაში ვართ და ეს განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. ჩვენ გვინდა ვიზების გამარტივებაზე უარის თქმაზე უფრო შორს წავიდეთ", - განუცხადა FT-ს ევროპელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე შესაძლოა უფრო მკაცრი შეზღუდვები იქნას შემოღებული.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა რუსებისთვის ვიზების გაცემა. ევროკავშირმა ასევე გააუქმა რუსი დიპლომატებისა და ბიზნესმენებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურა.