ლატვიამ ფინეთთან, ესტონეთთან, ჩეხეთსა და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად, უნდა დააყენოს წინადადება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმოქმედებს. განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვა რუსეთისთვის დამატებითი სანქციები იქნება.
ლევიტსის თქმით, ბოლო დროს არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ესტონეთში, ფინეთში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, ასევე ჩეხეთში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, დაიწყო დისკუსია ევროპაში რუსი ტურისტების შესახებ.
ამასთან, ლატვიის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, გადაიხედოს ლატვიის მიერ რუსებისთვის გაცემული ბინადრობის მოწმობებისა და ვიზების მიზანშეწონილობის საკითხი.
მისი თქმით, მათთვის, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, ბინადრობის ნებართვა უნდა გაუქმდეს ან, მინიმუმ, არ განახლდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპაში გახშირდა მოწოდებები რუსეთის მოქალქეებისთვის ვიზების, უპირველესად კი ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ.
დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.
8 აგვისტოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეზღუდვას მიემხრო ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი. მისი განცხადებით, "არასწორია, რომ რუსეთის მოქალაქეები ისე განაგრძობენ ცხოვრებას და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობას, თითქოს არაფერი მომხდარა".
ევროპული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში ყველა ქვეყანა არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას. როგორც იუწყებიან, განსაკუთრებული წინააღმდეგობით გამოირჩევიან გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას.
12 აგვისტოს ჩეხეთმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების გაცემის აკრძალვას და ამ საკითხს დააყენებს აგვისტოში პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.
18 აგვისტოდან ესტონეთი საზღვრებს დახურავს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტალინის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ.