ლიეტუვა მხარს უჭერს ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტალინმა საზღვრები დახურა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ.
ამავდროულად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები უფრო ეფექტურად იმუშავებს, თუ გადაწყვეტილება ევროპის კავშირის დონეზე იქნება მიღებული.
უწყების ინფორმაციით, ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების, საემიგრაციო და სასაზღვრო კონტროლის სფეროში პასუხისმგებელი ორგანოები აანალიზებენ ესტონეთისა და ლატვიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
"პასუხისმგებელი ორგანოების პირველადი შეფასებით, ესტონეთისა და ლატვიის გადაწყვეტილებები არსებითად ძალიან ჰგავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ამჟამად მოქმედებს ლიეტუვაში", - აცხადებენ სამინისტროში.
"ლიეტუვა მუდმივად მხარს უჭერს სანქციებს აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ და იცავს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი წესდება ევროკავშირის დონეზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში.
რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ლიეტუვა იყო ევროკავშირის ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენისა და ეროვნული ვიზების გაცემა. თუმცა, ესტონეთი უფრო შორს წავიდა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ტალინის მიერ გაცემული შენგენის ვიზები.
ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპაში გახშირდა მოწოდებები რუსეთის მოქალქეებისვის ვიზების, უპირველესად კი ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.
12 აგვისტოს ჩეხეთმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების გაცემის აკრძალვას და ამ საკითხს დააყენებს აგვისტოში პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.
შეგახსნებთ, ესტონეთი საზღვრებს დახურავს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტალინის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებს ფლობენ.
5 აგვისტოს, ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.