ყაზახეთი მკვეთრად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და აფართოებს თანამშრომლობსა ჩინეთსა და ნატოსთან, შიშობს რა, რომ შესაძლოა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის გეოპოლიტიკური ამბიციების მორიგი სამიზნე გახდება. წერს Wall Street Journal-ი.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ყაზახეთის ხელისუფლებამ თავდაცვისთვის დამატებითი 441 მილიარდი ტენგე, დაახლოებით 918 მილიონი დოლარი გამოყო. ამგვარად, ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი (2021 წელს 1.7 მლრდ დოლარი) გაიზრდება თითქმის 1.5-ჯერ.
"თანხების უმეტესი ნაწილი მიმართული იქნება თავდაცვის რეზერვების გაძლიერებაზე", - განუცხადა WSJ-ს ყაზახეთის ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის უკრაინელთა მედგარი წინააღმდეგობა გაკვეთილია და ხედავს არმიის რეფორმირების აუცილებლობას, რათა ის უფრო დინამიკური და მომზადებული იყოს "ჰიბრიდული ომისთვის", რომელიც შესაძლოა მოიცავდეს როგორც პირდაპირ საომარ მოქმედებებს, ასევე კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას და არჩევნებში ჩარევას.
"რუსეთის ამბიციები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მზარდ შიშს იწვევს", - განუცხადა WSJ-ს ცენტრალური აზიის ქვეყნის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა.
"ერთია, როცა ისინი [კრემლი] უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპას და ბევრ სხვას უტევენ. წარმოიდგინეთ უკრაინა რომ არ არსებობდეს? მაშინ ჩვენ ვიქნებით შემდეგი?", - ამბობს მაღალჩინოსანი.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც ცდილობს რუსეთთან, დასავლეთსა და ჩინეთთან დაბალანსებული ურთიერთობის ხაზი იპოვოს, ამავდროულად, მოკავშირეებს ეძებს.
აპრილში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ყაზახეთს ეწვია და მისი ვიზიტის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
მაისში თოყაევი გაემგზავრა ანკარაში, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქული დრონების წარმოების შესახებ.
17 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენ პუტინის თანდასწრებით, დონბასის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს კვაზისახელმწიფოები უწოდა და თქვა, რომ ყაზახეთი მათ არასოდეს აღიარებს.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ ყაზახეთი რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარება.
თოყაევის განცხადების შემდეგ, რუსეთმა ნოვოროსიისკის პორტით ყაზახური ნავთობის იმპორტი შეაჩერა. ეს შეზღუდვა სწრაფად გაუქმდა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთს განუცხადა, რომ დაბლოკავა პარალელურ იმპორტს მათი საბაჟო პუნქტების მეშვეობით.
დასავლეთის სანქციებმა პრაქტიკულად შეაჩერა ყაზახეთის ვაჭრობა ევროპასთან რუსეთის გავლით და ხელისუფლება ეძებს ალტერნატიულ არხებს - კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.