26 ივნისს "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტი, გერმანიის თავმჯდომარეობით, ბავარიის ელმაუს ციხე-სიმაგრეში მუშაობას შეუდგა.
დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტი 2 დღეს გასტანს.
სამიტს ესწრებიან შეერთებული შტატების, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა - ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, შარლ მიშელი და ურზულა ფონ დერ ლაიენი.
წლევანდელ სამიტზე სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან არგენტინა, ინდოეთი, ინდონეზია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა. სამიტში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ლიდერები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობას ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას.
ლიდერებს შორის დიალოგის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება ომი უკრაინაში და მისი ეკონომიკური შედეგები, რამაც გამოიწვია ენერგომატარებლების ფასების სწრაფი ზრდა.
სამიტის სხვა მნიშვნელოვანი თემები იქნება კლიმატის დაცვა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.
"დიდი შვიდეულის" სამიტის პირველი მთავარი მოვლენა იყო გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დასავლელი მოკავშირეების გაყოფა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
"პუტინი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა "დიდი შვიდეულისა" და ნატოს დაქსაქსვას, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და არც ვაპირებთ", - თქვა ბაიდენმა შეხვედრის დროს.
სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სადაც უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
Deutsce Welle-ს ინფორმაციით, სამიტზე შესაძლოა განხილულ იქნეს უკრაინის "მარშალის გეგმაზე", რომლის ინიციატივითაც მანამდე გერმანიის კანცლერი შოლცი გამოვიდა.
"ჩვენ დაგვჭირდება კიდევ მრავალი მილიარდი ევრო და დოლარი, რომ უკრაინა ფეხზე დადგეს- და ამას წლები დასჭირდება. ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი", - ამბობდა კანცლერი შოლცი.
მოსალოდნელია, რომ სამიტზე მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვაც. G7-ის ზოგიერთი ქვეყანა უკვე შეთანხმდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე - რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე.
სამიტი 28 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მონაწილეთა უმეტესობა მადრიდში, ნატოს სამიტზე გაემგზავრება.
2022 წლის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობას გერმანია იაპონიას გადააბარებს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში ევროკავშირი მონაწილეობას 1977 წლიდან შეუერთდა.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.