რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში, ევროპელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კლაუს იოჰანისის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ სამი ქვეყნისთვის აუცილებელია "ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად".
"ჩვენ ვართ ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტში. განსაკუთრებული დრო მოითხოვს განსაკუთრებულ, სტრატეგიულ და შორსმჭვრეტელ პასუხებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის აუცილებელია ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად. ეს გადაწყვეტილება ბევრს მეტყველებს ჩვენს შესაძლებლობებზე უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამავე პრესკონფერენციაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის თაობაზე განცხადებები გააკეთეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
რუმინეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, მაკრონსა და შოლცს საქართველო არ უხსენებიათ.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია", - თქვა შოლცმა.
ამავდროულად, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი, ბერლინი, რომი და ბუქარესტი მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა და ასევე გულისხმობს ვითარების გათვალისწინებას ბალკანეთსა და სამეზობლოში, კერძოდ მოლდოვაში", - თქვა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის მოსაზრებები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით, 17 ივნისს გახდება ცნობილი.