ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ღია წერილს ავრცელებენ.
"ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციას, რომელიც უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს შეეხება. ამის შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპულ საბჭოში. ამ პროცესის შედეგი რთული პროგნოზირებადია. ამ ღია წერილით გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს, რომ თუ შედეგი იქნება ნაკლებად ოპტიმისტური, იმედი ნუ გაუცრუვდებათ - ამის ნაცვლად, ევროკავშირში შესვლისთვის ძალები გააერთიანონ.
დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე იდგა. რამდენიმე წლის წინ აკადემიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, მათ შორის თუ შევაფასებთ არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ დასავლეთ ბალკანეთსაც. თუმცა დღეს ევროკავშირში და ევროპარლამენტში ჭარბობს მოსაზრება, რომ სიტუაცია საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუარესდა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ გასწია სათანადო ძალისხმევა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე შეენარჩუნებინა. ამან ასევე საგრძნობლად გაართულა ევროკავშირსა და ამერიკაში საქართველოს მეგობრების მუშაობა.
შედეგად, გარედან ვითარება ახლა საკმაოდ მუქ ფერებში გამოიყურება. ოლიგარქიზაცია და მისი თანმხლები პოლარიზაცია საქართველოში კვლავ მაღალ დონეზეა, იმ ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული, რომელიც არაა ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ დემოკრატიული არჩევნების გზით. მოლდოვას, მაგალითად, იგივე პრობლემები ჰქონდა, პლახოტნიუკთან და დოდონთან მიმართებით, თუმცა ეს საკითხი დემოკრატიული არჩევნების გზით გადაწყდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ უკრაინის ურთიერთობაზე ევროკავშირთან იმოქმედა ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს პატიმრობამ და ამაზე გადაწყვეტილებიდან დასკვნების გამოტანა შესაძლებელია. სამწუხაროდ, მიუხედავად ევროკავშირის უპრეცედენტოდ მაღალი დონის ძალისხმევისა, რათა მოგვარებულიყო პოლიტიკური ჩიხი საქართველოში და პრო-ევროპულ დღის წესრიგი წინ წასულიყო, "შარლ მიშელის შეთანხმება" კვლავ არაა იმპლემენტირებული. მეტიც, მაშინ, როდესაც კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მომზადება, მთავრობისადმი კრიტიკული მედიის მფლობელს მიესაჯა. ამან სურათი კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოში.
ამასთანავე, საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინაზე და ევროკავშირის სანქციებზე, რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ, გაუგებარია. უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას და სახლებს იცავენ, ასევე დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. უკრაინა იმსახურებს ყველა ჩვენგანის ურყევ მხარდაჭერას, ასევე მარტივ გაგებას, რომ უკრაინა კარს უხსნის მოლდოვასაც და საქართველოსაც კანდიდატობის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ასე ფიქრობს.
ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება.
ევროკომისია შეფასებისას ყოველთვის ითვალისწინებს სრულ სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პოლიტიკური კრიტერიუმები დიდი ყურადღებით განიხილება. არსებობს ნათელი ისტორიული მაგალითები, როდესაც განმცხადებელ ქვეყანაში არადემოკრატიული ტენდენციები არა მხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს, არამედ ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდა.
ასე მოხდა სლოვაკეთის შემთხვევაში, ვლადიმირ მეჩიარის პრემიერობისას. მის მიერ ძალაუფლების მიტაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 1997 წელს სლოვაკეთი ვერ შეუერთდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ჯგუფს, ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყებისას, დემოკრატიის დეფიციტის გამო. იმ დროს სლოვაკი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად უჭერდა მხარს ევროკავშირის წევრობას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა საკმარისი არ არის. მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად აპლიკანტ ქვეყანაში საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სლოვაკეთმა სხვების დაწევა მხოლოდ 1998 წელს დაიწყო, როდესაც მეჩიარმა არჩევნები წააგო. ახალ ხელისუფლებას, მიკულაშ ძურინდას ხელმძღვანელობით, ძალზედ რთული ამოცანა ჰქონდა - მათ უნდა შეეცვალათ სლოვაკეთის საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინათ, რომ წინა ეპოქის ნაკლოვანებები სწორდებოდა. მათ ეს წარმატებით გააკეთეს და 2004 წლიდან სლოვაკეთი ევროკავშირის წარმატებული წევრია.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის დამოკიდებული ჩვენს, საქართველოს მეგობრების, სიტყვებით დარწმუნებაზე. ეს დამოკიდებულია ნამდვილი ერთგულებასა და საერთო ძალისხმევაზე, რაც უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს ზედმეტად დიდი გამოწვევაა ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადაცემისთვის, სკამებზე ყველაფრის ფასად ჩაჭიდების ნაცვლად. მეორეს მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე უნდა გამონახონ ძალა, ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგნენ და ქართველ ხალხს შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია, აჩვენონ სანდო ლიდერშიფი, რაც საჭიროა მსგავსი ამოცანისთვის.
თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როცა ქართველ ხალხს მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ რას ირჩევს - ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილით და ქართული ოცნებით ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს", - წერია ღია წერილში.