შვედეთისა და ფინეთის მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა მათი ქვეყნები ნატოში იხილონ, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტისას. იუწყება სააგენტო EFE.
"დაუშვებელია, რომ რუსეთი რაიმე ფორმით დაემუქროს შვედეთსა და ფინეთს. ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოების გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ“, - განაცხადა ლინდემ.
"24 თებერვლის შემდეგ სამყარო განსხვავდება იმისგან, რაც იყო ამ თარიღამდე. შვედეთი და ფინეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტენ საკითხებს თავიანთ მომავალთან დაკავშირებით", - დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 11 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფინეთი და შვედეთი შესაძლოა ნატოს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდნენ.
გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის რიგებში.
8 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არ იქნება, თუმცა დასძინა, რომ "ნატოს შემდგომი გაფართოება ევროპის კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას არ მოუტანს".