ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებას მოისურვებს, ნატო ახალ წევრს მიესალმება.
"გადაწყვეტილება ფინეთმა უნდა მიიღოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ფინელებს "აქვთ უფლება მომავალი თავად განსაზღვრონ".
"ეს არის ის, რასაც რუსეთი არ ელოდება. იმიტომ რომ მათ ერთხელ უკვე სცადეს ფინეთის დაშინება, როდესაც უთხრეს, რომ თუ ის ჰელსინკი ნატო-ში გაწევრიანდება, ამას შედეგები მოყვება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
თუმცა სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გამოთქვამენ გაერთიანების სურვილს, ნატო "იპოვის საშუალებას ეს სწრაფად განახორციელოს".
გასულ კვირას ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ სტოლტენბერგთან დეტალურად განიხილა ნატო-ში ახალი სახელმწიფოს მიღების პროცესი.
"აუცილებელია ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება", - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 2 აპრილს განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნას მიღებული სწრაფად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე.
როგორც ჩანს შვედეთიც იცვლის თავის პოზიციას ნატოსთან დაკავშირებით. შვედეთის პრემიერ მინისტრი მაგდალენა ანდერსონი, რომელმაც მარტის დასაწყისში ნატო-ში გაწევრიანება მიუღებლად გამოაცხადა, ახლა ამტკიცებს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება ევროპაში და ნატოს წევრობა შვედეთისთვის საკმაოდ მისაღები გახადა.
რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს.