ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უნდა იქნას მიღებული სწრაფად, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
სანა მარინის განცხადებით, დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას სამხედრო ლოიალობის შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ "რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა".
"ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას ნატოს მიმართ.
2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება.
ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს ნატოში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან.
რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. ნატო ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა.