ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგების თანახმად, ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია 16%, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ ნატოში გაწევრიანების მიამრთ ფინეთის მოქალაქეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა მას შემდეგ, რაც გამოცემამ დაიწყო ამ გამოკითხვების ჩატარება.
ამასთან, ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი გაზრდილია მოსახლეობის ყველა სეგმენტში.
წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა.
ამასთან, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Yle-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ნატოში გაწევრიანებას 62% უჭერს მხარს.
სახალხო მხარდაჭერა ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობაა.
რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს.
ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს ნატოში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან.
ნატო ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა.