რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ფინეთის ან შვედეთის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოსკოვის სერიოზულ რეაგირებას გამოიწვევს.
მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, მარია ზახაროვა დაემუქრა სკანდინავიის ქვეყნებს, რომ თუ რომელიმე მათგანი ეცდება, თავდაცვით ალიანსს შეუერთდეს, "ეს გამოიწვევს სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს, რაც ჩვენი ქვეყნის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს".
"სამხედრო უკავშირო პოლიტიკის მიმართ, ფინეთის მთავრობის ერთგულებას მივიჩნევთ როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ჩრდილოეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - დასძინა ზახაროვამ.
მარია ზახაროვას მუქარის შემცველი გზავნილები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის" გვერდზეც გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ნატოსთან უსაფრთხოების ზოგიერთ საკითხში თანამშრომლობს, ის არ გეგმავს ალიანსში გაწევრიანებას. გასულ თვეში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მისი მმართველობის დროს, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადოს.