ფინეთი და შვედეთი შესაძლოა ნატოს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდნენ. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times-ი ამერიკის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
გამოცემის წყაროს თქმით, ამ ორი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის მთავარი საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრია დროს, რომელშიც შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობდნენ.
მოსალოდნელია, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ფონზე, ფინეთმა შესაძლოა ნატოში გაწევრიანების განაცხადა ივნისში გააკეთოს, ხოლო შვედეთმა ოდნავ მოგვიანებით.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The Times-თან ინტერვიუში რიტორიკულად იკითხა, იყო თუ არა ეს მოვლენა "პუტინის უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა".
თუ ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, ალიანსის ქვეყნებს შორის, მას რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი ექნება - 1340 კილომეტრი. ფინეთისა და რუსეთის საზღვარი სანკტ-პეტერბურგიდან მხოლოდ 200 კილომეტრითაა დაშორებული.
უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება.
ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. თანხმობის მიცემის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იწვევს კანდიდატ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის რიგებში.
8 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არ იქნება.