7 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეა, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და სავარაუდო ომის დანაშაულების გამო, კენჭს უყრის რუსეთის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის საკითხს.
საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივით შეერთებული შტატები გამოვიდა.
რუსეთი უკვე მეორე წელია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაშია. საბჭოში წევრობის საერთო ვადა სამ წელს შეადგენს.
გენერალური ასამბლეის (193 წევრი ქვეყანა) ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით შესაძლებელია ქვეყნის გარიცხვა მისი წევრობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევებისთვის.
გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა ბუქარესტში ყოფნის დროს განაცხადა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მონაწილეობა - ფარსია".
"ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დროა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მის გარიცხვას ხმა მისცეს", - განაცხადა თომას-გრინფილდმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია და სასტიკად დაგმო რუსეთის ქმედებები. რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ დაუჭირა.
"მივმართავ იმ 140 ქვეყანას, რომლებიც გაბედულად გაერთიანდნენ, ფოტოები ბუჩადან და მთელ უკრაინაში ნგრევა, მოითხოვს, რომ გავამყაროთ ჩვენი სიტყვები მოქმედებებით", - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.