რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას.
აგრესორი ქვეყნის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ფოტო-ვიდეო კადრები, სადაც ნაჩვენებია მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები არის "კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "კიდევ ერთი პროდუქტი დასავლური მედიისთვის".
"იმ პერიოდში, როცა ბუჩას დასახლება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ განუცდია ძალადობრივი ქმედება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს და "ფოტოები მხოლოდ მეოთხე დღეს გამოქვეყნდა".
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.
ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.