უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე, შეერთებული შტატების მდივანი ევროპაში ტურნეს აგრძელებს.
6 მარტს ენტონი ბლინკენი მოლდოვას ესტუმრა, სადაც ის პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიტას შეხვდა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, მდივანმა ბლინკენმა დაარწმუნა მოლდოვის ლიდერები, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს საერთაშორისო ოპოზიციას რუსული აგრესიის მიმართ, "როცა, და სადაც არ უნდა მოხდეს ეს".
პრეზიდენტ მაია სანდუსთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს მოლდოვის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ ისიც ახსენა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირს ეკუთვნის.
დასმულ შეკითხვაზე, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია ვაშინგტონს მოლდოვისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ვითარებაში, ბლინკენმა მიუთითა აშშ-ის მიერ რუსეთის იზოლაციისა და მისი ეკონომიკის დაზიანების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.
პრესკონფერენციაზე მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა.
"ამ რეგიონში, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ვიგრძნოთ თავი ჭეშმარიტად უსაფრთხოდ", - თქვა სანდუმ.
მაია სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას დნესტრისპირეთში, სადაც დაახლოებით 1500 რუსი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუნიშნავთ.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ აშშ გამოყოფს 18 მილიონ აშშ დოლარს რამდენიმე წლის განმავლობაში მოლდოვას ენერგეტიკის სექტორის "გაძლიერებისა და დივერსიფიკაციისთვის".
"(ენერგეტიკული) დამოუკიდებლობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება ... გადამწყვეტია სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განცხადება შეიტანა.
ამავდროულად, კიშინიოვი იუწყება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან მოლდოვის საზღვარი 230 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. მათგან დაახლოებით 120 000 მოლდოვაში დარჩა.