გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამმა მაღალჩინოსანმა, მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის ვარაუდით, კიევზე კონტროლს რუსეთის ძალები რამდენიმე დღეში დაამყარებენ.
მათი ცნობით, კიევის დაცემით, უკრაინის წინააღმდეგობის განეიტრალებას, რუსეთი მალევე მოახერხებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნები, ანონიმურობის დაცვის პირობით, აცხადებენ, რომ კრემლის მიზანია, უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და მათთვის დანებების იძულება ან განადგურება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ კიევი 96 საათში დაეცემა, ამის შემდეგ, უკრაინის მთავრობა დაახლოებით ერთ კვირაში დაემხობა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კამპანიის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის,ხელში ჩაგდებას, როგორც ჩანს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მხოლოდ საწყის ფაზას წარმოადგენს, რაც შესაძლოა, ხმელეთზე მასიურ ბრძოლაში გადაიზარდოს.
ამავდროულად, Newsweek-ი ეყრდნობა ამერიკის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა დასრულდება და რეალური სახმელეთო ომი დაიწყება, კიევი რამდენიმე დღეში დაეცემა.
"უკრაინის არმიამ შესაძლოა წინააღმდეგობა ოდნავ მეტხანს გასწიოს", - თქვა ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა და დასძინა, რომ "ეს დიდხანს არ გაგრძელდება".
შეგახსენებთ, კიევში კომენდანტის საათი მოქმედებს. მედიის ცნობით, კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის შესასვლელებთან თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, უკრაინამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მალევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მანამდე, მან უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.