უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს დანიშნა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უნგრელ ამომრჩევლებს, გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-სა და ექვსპარტიულ ოპოზიციურ ალიანსს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
უნგრეთის გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უპარტიო კონსერვატორი, პეტერ მარკი-ზაი იქნება. უნგრეთის ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2020 წელს დადო პირობა, რომ არჩევნებში ორბანის დასამარცხებლად გაერთიანდება.
კრიტიკოსები ვიქტორ ორბანს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ულტრამემარჯვენე იდეების ხორცშესხმაში ადანაშაულებენ.
უგრეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლგტბქ საკითხებზე რეფერენდუმიც 3 აპრილს გაიმართება.
უნგრელ ამომრჩევლებს ლგტბქ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ დასმულ ოთხ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. პრემიერმა ორბანმა, რომელიც თავს ევროპაში ტრადიციული ღირებულებების დამცველად მიიჩნევს, ლგტბქ საკითხების რეფერენდუმზე გამოტანა, თავის წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალურ საკითხად აქცია.
რეფერენდუმზე ამომრჩეველებს ჰკითხავენ, მხარს უჭერენ თუ არა სკოლებში სექსუალური ორიენტაციის შესახებ სემინარების ჩატარებას, მშობლების თანხმობის გარეშე. ასევე, უნდა იყოს თუ არა მედიაკონტენტი, რომელსაც შეუძლია "გავლენა მოახდინოს" სექსუალურ ორიენტაციაზე, ბავშვებისთვის შეზღუვების გარეშე ნაჩვენები.
გასული წლის ზაფხულში, ვიქტორ ორბანის მეცადინეობით, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი ლგბტქ საკითხებზე, რომელმაც ბრიუსელისა და ბუდაპეშტის ურთიერთობები მწვავე დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანა.
ახალი კანონით, სკოლებში აიკრძალა ისეთი შინაარსის მასალების გავრცელება, რაც კანონის ინიციატორების აზრით, ხელს უწყობს ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, უნგრეთში აიკრძალა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყველა მასალა, მათ შორის ფილმები და წიგნები, სადაც სექსუალობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად არ არის წარმოჩენილი.
ევროკომისია დაჟინებით მოუწოდებდა უნგრეთს, გაეუქმებინა ანტი-ლბტქ კანონი, რაზეცად ორბანმა უარი განაცხადა.
მიუხედავად კრიტიკოსების ბრალდებებისა, რომ ორბანის პოლიტიკა უნგრეთს ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, ის კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას ქვეყანაში. მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ უნგრეთში მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ორბანმა შეინარჩუნა ეროვნული სუვერენიტეტი და ქრისტიანული იდენტობა.
2015 წლის შემდეგ, ორბანმა სახელი გაითქვა თავისი მკაცრი ანტიმიგრაციული პოლიტიკით, პოლონეთთან ერთად, რაც მას, ამ და სხვა სფეროებში, ევროკავშირის მკაცრი კრიტიკის ქვეშ აქცევს.
ბოლოს, საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2018 წელს ჩატარდა, სადაც ორბანის Fidesz-მა და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, ქრისტიან დემოკრატებმა მოიპოვეს ხმების 48%. შედეგად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის 199 მანდატიდან 133 მკაცრი კონსერვატორების ხელში აღმოჩნდა.
შედეგად, Fidesz-მა შეინარჩუნა 2010 და 2014 წლებში მოპოვებული "სუპერუმრავლესობა", რაც საშუალებას აძლევს ყველა ძირითადი კანონპროექტისთვის პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს.