ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა უნგრეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი, რომელიც „ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული".
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უნგრეთის მიერ მიღებული კანონი "საბაბად იყენებს ბავშვთა უფლებებს, რათა მკაცრად განასხვავოს ერთმანეთისგან ადამიანები სექსუალური ორიენტაციის ნიშნით".
"ეს უკიდურესად ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირი წარმოადგენს - უმცირესობების დაცვას, ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც უნგრეთის საკითხს ეძღვნებოდა.
კანონის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ თუ უნგრეთის მთავრობა არ შეიცვლის პოზიციას, ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დაიცვას ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები.
უნგრეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ კანონი არ არის მიმართული ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ორბანი ირწმუნება, რომ ამ კანონით გარანტირებული იქნება მშობელთა უფლებები, თავად გადაწყვიტონ რა სახის სქესობრივ განათლებას მიიღებენ მათი შვილები.
შეგახსენებთ, 15 ივნისს, ოპოზიციური პარტიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც სკოლებში იკრძალება ისეთი შინაარსის მასალების გავრცელება, რაც კანონის ინიციატორების აზრით, ხელს უწყობს ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, უნგრეთში აიკრძალება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყველა მასალა, მათ შორის ფილმები და წიგნები, სადაც სექსუალობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად არ არის წარმოჩენილი.
კანონპროექტის ინიციატორი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, მკაცრი ნაციონალისტის ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ი, რომელიც ქვეყანაში ქრისტიან-კონსერვატორული დღის წესრიგის დამყარებას ესწრაფვის.
კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სკოლებში ამგვარი შინაარსის მასალების აკრძალვა ხელს შეუწყობს პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის ერთმანეთთან დაკავშირება მიუღებელი და დისკრიმინაციულია.
კანონპროექტის მიღებამდე ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. გამონაკლისი იყო ულტრამემარჯვენე პარტია "იობიკი", რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.
ოპოზიციური პარტიები ამ კანონს ერთგვარ იარაღად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის სტიგმატიზაციისა და შევიწროებისთვის, მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.