უნგრეთმა უარყო ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მოთხოვნა, გააუქმოს ანტი-ლგბტ კანონი.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ გასულ თვეში, ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, დახურულ კარს მიღმა, ახალი კანონმდებლობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. წყაროს თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუთემ ორბანს უთხრა, რომ ბუდაპეშტმა პატივი უნდა სცეს ევროკავშირის ღირებულებებს, ან დატოვოს გაერთიანება.
"ახალი კანონით ჰომოსექსუალობა გაიგივებულია პორნოგრაფიასთან. იგი ბავშვთა უფლებების დაცვას საბაბად იყენებს, რათა დისკრიმინაცია გაუწიოს ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის გამო. ეს სამარცხვინოა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც უნგრეთთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ ევროკომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დაიცვას ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები.
მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ თუ უნგრეთის მთავრობა არ შეიცვლის პოზიციას, ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
უნგრეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ კანონი არ არის მიმართული ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ორბანი ირწმუნება, რომ ამ კანონით გარანტირებული იქნება მშობელთა უფლებები, თავად გადაწყვიტონ რა სახის სქესობრივ განათლებას მიიღებენ მათი შვილები.
პრემიერ-მინისტრ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, რომ "ბრიუსელს სურს, ჩვენ ლგბტ-აქტივისტები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შევუშვათ, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვსურს".
როგორც იუწყებიან, ევროკავშირში უნგრეთის სადამსჯელო სანქციის სახით განიხილავენ, ბუდაპეშტისთვის ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერებას. ვარაუდობენ, რომ ამ ინიციატივას დაბლოკავს უნგრეთის კონსერვატიული მოკავშირე პოლონეთი.
შეგახსენებთ, 15 ივნისს, ოპოზიციური პარტიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც სკოლებში იკრძალება ისეთი შინაარსის მასალების გავრცელება, რაც კანონის ინიციატორების აზრით, ხელს უწყობს ჰომოსექსუალობასა და სქესის შეცვლას.
გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, უნგრეთში აიკრძალება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყველა მასალა, მათ შორის ფილმები და წიგნები, სადაც სექსუალობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად არ არის წარმოჩენილი.
კანონპროექტის ინიციატორი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, მკაცრი ნაციონალისტის ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ი, რომელიც ქვეყანაში ქრისტიან-კონსერვატორული დღის წესრიგის დამყარებას ესწრაფვის.
კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სკოლებში ამგვარი შინაარსის მასალების აკრძალვა ხელს შეუწყობს პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის ერთმანეთთან დაკავშირება მიუღებელი და დისკრიმინაციულია.
კანონპროექტის მიღებამდე ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. გამონაკლისი იყო ულტრამემარჯვენე პარტია "იობიკი", რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.
ოპოზიციური პარტიები ამ კანონს ერთგვარ იარაღად მიიჩნევენ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის სტიგმატიზაციისა და შევიწროებისთვის, მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო.