შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
დელეგაციები ჟენევაში უკვე ჩავიდნენ. მოლაპარაკებები აქ კვირა საღამოს დაიწყება, რომელიც ნაწილია "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" დიალოგისა.
9 იანვრის საღამოს ამერიკისა და რუსეთის დელეგაციები პირველ შეხვედრას სამუშაო სადილის ფორმატში გამართავენ. ეს იქნება "წინასწარი მოლაპარაკებები". დისკუსიების ძირითადი ნაწილი ორშაბათს, 10 იანვარს, დახურულ ფორმატში, გაეროს ჟენევის ოფიში, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ტერიტორიაზე გაიმართება.
შეერთებული შტატების დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
განხილვის მთავარი საკითხი ევროპის უსაფრთხოებაა. რუსეთმა გასული წლის ბოლოს დასავლეთისგან მოითხოვა გარანტები, რომ ნატო შეწყვეტს აღმოსავლეთით გაფართოებას. უპირველესად, ეს მოთხოვნა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებს, უკრაინასა და საქართველოს ეხება.
პარალელურად, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების განზრახვაში ადანაშაულებს, რასაც მოწმობს დაზვერვის მონაცემები და სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებები. დასავლეთის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება.
ნატო-მ მოსკოვის მოთხოვნებს პრინციპული პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება ერების სუვერენული არჩევანია და არავის აქვს უფლება მათ არჩევანს ვეტო დაადოს.
ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა პესიმისტური განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ გარღვევას ამ შეხვედრისგან არ მოელიან.
ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებს შორის კონსულტაციების შემდეგ, 12 იანვარს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, მოლაპარაკებები გაგრძელდება 13 იანვარს ვენაში, ეუთო-ს ფორმატში.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.
ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი (მარცხნივ) და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი პოზირებენ თავიანთი ეროვნული დროშების წინ ჟენევაში 28 ივლისს მოლაპარაკებების წინ.