შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოელის განსაკუთრებულ გარღვევას აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში, რომელიც 10 იანვარს ჟენევაში უნდა გაიმართოს.
ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას, მდივანი ბლინკენი დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, მხარეებმა შესაძლოა გამოყონ ის სფეროები, სადაც გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ.
"არ ვფიქრობ, რომ მომავალ კვირას რაიმე გარღვევის მომსწრენი გავხდებით", - თქვა ბლინკენმა.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია და შეხედულებები, იგივეს გააკეთებს რუსეთი და ვნახოთ, იქნება თუ არა პროგრესი", - დასძინა მან.
ბლინკენის თქმით, ნებისმიერი პროგრესი მოლაპარაკებებში ორივე მხარის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. მისივე რწმენით, ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯი პრობლების აღმოსაფხვრელად, ორმხრივ საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსი სამხედროების გაძლიერების გათვალისწინებით, უაღრესად რთული იქნება.
"ძალიან რთულია ასეთი ესკალაციის პირობებში რეალური პროგრესის დანახვა მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინისკენ იარაღი აქვს გაშვერილი და მის საზღვრებთან ათასობით სამხედროს უყრის თავს", - თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად, ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში, რუსეთის დელეგაციის მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოახლოებული დიალოგის წინ ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.
რიაბკოვი ამბობს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებში დათმობაზე წასვლას არ აპირებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში. ამასთან, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ შეუვალი პოზიციების გამო, შესაძლოა, მოლაპარაკებები პირველივე შეხვედრის შემდეგ დასრულდეს.
"მუდმივი მუქარის რეჟიმში, რომელსაც დასავლეთ ჩვენს მიმართ ახორციელებს, არავითარ დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ", - ციტირებს სააგენტო "რია" რიაბკოვის სიტყვებს.
შეგახსენებთ, 10 იანვარს, ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთის მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით.
ჟენევაში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობს.
12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს მოლაპარაკებები გაგრძელდება ეუთო-ს ფორმატში.
ფოტო: არქივი