აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში განიხილავენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი, შესაძლოა, შეიყვანონ იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული ექსპორტის კონტროლზე. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცა: კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
New York Times-ის ინფორმაციით, სანქციებს დაექვემდებარება აშშ-დან რუსეთში ელქტროტექნიკის ექსპორტი, მათ შორის საყოფაცხოვრებო, პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნვეყლოფის ტექნიკის. "ეს დარტყმას მიაყენებს რუსეთის ამბიციებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ან კვანტური გამოთვლების დარგში".
სავარაუდოდ, ემბარგო გავრცელდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო სპექტრზე, მათ შორის მაცივრებზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე, სარეცხ მანქანებზე. ასევე სმარტოფენებზე, კომპიუტერება და სხვა ელექტროტექნიკაზე, რომლებიც წარმოებულია შეერთებულ შტატებში, ევროპასა და სამხრეთ კორეაში.
NYT-ის ცნობით, ერთი თვის წინ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, მუშაობს კონტრზომებზე რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.
სამუშაო ჯგუფში შედიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სპეცსამსახურების, თავდაცვის, სახელმწიფო, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტების წარმომადგენლები.
როგორც New York Times-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებიან სანქციათა შორის ასევე განიხილება:
• მკაცრი ზომები რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც საერთაშორისო ფულად გზავნილებს ემსახურებიან;
• სანქციები რუსული გამანადაგურებლების, საჰაერო თავდაცვისა და სატელიტური თავდაცვის სისტემებისა და კოსმოსური სისტემების წინააღმდეგ.
• შეზღუდვები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სანქციების შემთხვევაში, აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ ელექტროტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებიც უშუალოდ აშშ-შია წარმოებული, არამედ სხვა ქვეყნების პროდუქციასაც, რომლის შექმნისას დიდწილად გამოყენებულია ამერიკული ტექნოლოგია.
სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ტონი გაამკაცრა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, რომელიც მომავალ კვირას შვეიცარიაში დაიწყება და ევროპის უსაფრთხოებას შეეხება.
Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციები გავლენას მოახდენს რუსული რუბლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციის შესაძლებლობაზე. მანამდე, Wall Street Journal-ი აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგმ სანქციები შესაძლოა მოიცავდეს, რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გათიშვას.
New York Times-ის ინფორმაციით, გასულ დღეებში, თეთრმა სახლმა შეაფასა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს რუსეთისთივს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შედეგები. დადგინდა, რომ შეზღუდვებმა დააზიანა რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ ვერ მიაღწია მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ეიძულებინა რუსეთის ხელისუფლება, შეეწყვიტა ყირიმის ანექსია.
როგორც ჩანს აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ტელეარხი CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი შუალედური არჩევნების წინ სანქციებს არ ემხრობა, რადგან ამან შესაძლოა რუსეთის უბიძგოს არჩევნებში ჩარევისკენ. ამასთან, მათი თქმით, სანქციების შედეგად, მოსალოდნელია, რომ რუსეთი გააძლიერებს აშშ-ის კრიტიკურ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევებს და ევროპაში გაზის ფასს გააძვირებს.