საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში მესამე და უკანასკნელი რეფერენდუმი გაიმართა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ.
რეფერენდუმის შეკითხვა ასე არის ფორმულირებული - "გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მოიპოვოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი?"
დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პარტიები რეფერენდუმის გადადებას ითხოვდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემია ხელს შეუშლიდა სამართლიანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასა და სამართლიანი კენჭისყრის ჩატარებას.
დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობა იმუქრება, რომ არ აღიარებს რეფერენდუმის შედეგებს და პირობას დებს, მიმართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი გაუქმების მოთხოვნით.
საფრანგეთის მინისტრმა, რომელიც ზღვისიქითა ტერიტორიებზეა პასუხისმგებელი, თქვა, რომ რეფერენდუმის ბოიკოტი ან მისი შედეგების არაღიარება, ჩრდილს არ მიაყენებს რეფერენდუმის ლეგიტიმურობას.
პრეზიდენტ მაკრონის მტკიცებით, საფრანგეთი ამ რეფერენდუმში მხარეს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და შეუფერხებელ პროცესს.
კენჭისყრა ტარდება პარიზსა და მის რეგიონულ მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბული ურთიერთობების ფონზე. საფრანგეთი, ახალი კალედონიის წყალობით, თავს ინდო-წყნარი ოკეანის მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ წინა ორ რეფერენდუმთან შედარებით, ბოლო კენჭისყრაზე მოსახლეობის აქტივობა საგრძნობლად დაბალი იყო. ახალი კალედონიის საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 41.6% იყო, მაშინ როდესაც წინა კენჭისყრაზე ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს შეადგენდა.
რეფერენდუმის შედეგები სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა სასწორზე დევს საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ზღვისიქითა ტერიტორია, სადაც მსოფლიო ნიკელის დაახლოებით 10% მოიპოვება და პარიზის მთავარი სტარტეგიული აქტივია დასავლეთსა და ჩინეთს შორის ინდო-წყნარ ოეკანეში ძალაუფლების მოპოვებისა და განმტკიცებისთვის ბრძოლაში.
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, ახალი კალედონია უფრო მეტად პეკინისკენ გადაიხრება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში ჩინეთის გავლენას, მით უფრო, წყალქვეშა ნავების კონტრაქტის ჩაშლის გამო, საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე.
სააგენტო AFP-ს ცნობით, რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნები, მათ შორის ფიჯი, ვანუატუ, სოლომონის კუნძულები და პაპუა-ახალი გვინეა უკვე გახდნენ ჩინეთს სატელიტები.
"ახლა, რაც ჩინეთს სჭირდება იმისათვის, რომ დაასრულოს თავისი მარგალიტის ყელსაბამის აკინძვა ავსტრალიის კარზე, არის ახალი კალედონია", - ციტირება AFP საერთაშორისო ანალიტიკოსის სიტყვებს.
წინა ორი რეფერენდუმი ახალ კალედონიაში 2018 და 2020 წელს გაიმართა. 2018 წელს გამართულ რეფერენდუმში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 56.7%-მა მისცა, 2020 წელს - 53.26%.
ახალი კალედონია, რომლის კოლონიზება საფრანგეთმა 1853 წელს მოახდინა, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა და მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში.
წლების განმავლობაში კუნძულზე მწვავე ეთნიკური დაძაბულობა, სოციალური და ეკონომიკური სირთულეები, აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს.
დამოუკიდებლობის სამი რეფერენდუმის ჩატარება გათვალისწინებულია 1998 წლის ნუმეას შეთანხმებით, რომელიც არეგულირებს დეკოლონიზაციის პროცესს და ახალი კალედონიის სტატუსის შესაძლო ცვლილებას. ამ ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო სიტუაციის ნორმალიზებას არქიპელაგში, სადაც 1980-იან წლებში მელანეზიის მკვიდრი მოსახლეობა აწარმოებდა შეიარაღებულ ბრძოლას საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით.