მეცნიერები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებით.
ამ დრომდე ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებული იყო მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში, მაგრამ ბოლო 24 საათში თითო-თითო დაავადებული გამოვლინდა ჰონკონგსა და ისრაელში. სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტი მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდება.
ამ მომენტისთვის კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების 77 შემთხვევაა გამოვლენილი სამხრეთ აფრიკის პროვინცია გაუტენგსა და ოთხი - ბოტსვანაში.
ჰონკონგის შემთხვევას პირდაპირ უკავშირებენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულ ინფიცირებულ მგზავრს. ისრაელში ინფიცირების მიზეზი უცნობია. სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ვარიანტი დაფიქსირდა ბელგიაშიც.
თუმცა სამხრეთაფრიკელი მეცნიერები კვლევების საფუძველზე ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, უკვე გავრცელებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეწყვიტა ავიამიმოსვლა აფრიკის ექვს ქვეყანასთან. ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა ისრაელმაც.
ჯანმო ახალ საშიშროებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას ატარებს, რომელზეც ახალ ვარიანტს ბერძნული სახელწოდება ალფას, ბეტას და დელტას ანალოგიურად მიენიჭება. ამჟამად, ახალ ვარიანტს B.1.1.529-ს უწოდებენ.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა.
მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
"ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.
სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია.
ასევე უცნობია, რამდენად მსუბუქად ან მძიმედ მიმდინარეობს დაავადება დელტა შტამთან შედარებით.
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები და რეგულარულად წარმოადგინონ სტატისტიკა B.1.1.529-თან დაკავშირებით.